ბახმაროს საპატიო მოქალაქე - 26 მარტში 2012 - ბ ა ხ მ ა რ ო
მთავარი » 2012 » მარტი » 26 » ბახმაროს საპატიო მოქალაქე
00:34
ბახმაროს საპატიო მოქალაქე


ვახტანგ ტატიშვილი


მაგისთანა კურორტი, არ არსებობს მსოფლიოში ! ! !
    ჩვენი პირველი რესპოდენტი საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენოსანი, ანსამბლ „ივერიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და უხუცესი წევრი, ბახმაროს საპატიო მოქალაქე ბატონი ვახტანგ ტატიშვილი გახლავთ. ინტერვიუს დაწყებამდე მან სიმღერა მოგვასმენინა ბახმაროზე, რომელიც ყველასათვის ცნობილი და საყვარელია, სიმღერა, რომელიც ბახმაროს ჰიმნად არის ქცეული და მისი მოსმენით ნებისრმიერ ადამიანს შეექმნება წარმოდგენა ბახმაროზე. თავად აღნიშნავს, რომ: "ეს არის ჯემალ ბაღაშვილის მუსიკა, ,,ბაღდათზე" დაწერილი ხოლო ტექსტი ბახმაროზე თვითონ გადააკეთა." პირველად 6-7 წლის იქნებოდა როცა ბახმაროში აიყვანეს, მას შემდეგ ხშირად ისვენებს, ბოლო ათი წელია რაც საკუთარი სახლი აქვს და როგორც თვითონ აღნიშნავს მაქსიმალურად კეთილმოწყობილი.
   ჩემი საკუთარი სახლი მაქვს, ყოველწელს დავდივარ. შვილიშვილები დამყავს დასასვენებლად,ისინი გაიზარდნენ, კომფორტს მოითხოვენ. რა თქმა უნდა პრობლემები არის, კომუნიკაცია არ არის, არც კანალიზაციაა, დარბიან ძროხები,ღორები, არის მთელი ამბავი, ეს უნდა მოისპოს , რომ დაემსგავსოს, ნამდვილ კურორტს, თუ არა მაგისთანა კურორტი, არ არსებობს მსოფლიოში!!! პრეზიდენტი დაგვპირდა გავაკეთებთო. საუბარია, რომ ააშენებენ ახალ კოტეჯებს, ძველი კოტეჯების მფლობელებს კი, რომლებიც კანონმდებლობით ფლობენ მას მიეცემათ კომპენსაცია,ხოლო ვისაც დამტკიცებული აქვს, ან ვისი სახლიც ახალი აშენებულია, სტანდარტებში ჯდება და გაფორმებულია,იმას ალბათ დაუტოვებენ. ახალი სახლების მშენებლობა იქ შეჩერებულია და ამიტომაც არ მიფორმებენ 10 წლის წინ აშენებულ სახლს, ყველა ფორმალური მხარე მოგვარებული მაქვს, განცხადებაც დაწერილია აზომილიცაა და გადაღებულიც, მაგრამ არ დაადგა საშველი. ამ დროს, კი, ბახმაროს საპატიო მოქალაქე ვარ, თუ საპატიო წევრი ნუ როგორც არის, თუმცა სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი რას ნიშნავს, დაახლოებით ათი წლის წინ მე და პროფესორ რევაზ ძნელაძეს, უბრალოდ გვითხრეს, რომ მოგვცეს წოდება. ალბათ სხვებსაც აქვთ.
    ბევრს ჰგონია , რომ ბახმაროს რეაბილიტაციის შემდეგ დაკარგავენ თავიანთ საკუთრებაში არსებულ სახლებს და კურორტი, უცხოელი ტურისტებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ვიდრე გურულებისთვის, თქვენ რას ფიქრობთ ?

— რას ამბობ კაცო? სანამ ბახმაროში ახვალ, არ უნდა გეიარო მთელი გურია? ვინ გაატარებს იქინე კაცს? აბა ვისთვისაა, თუ გურულების არ იქნება. ეს მეორე ჯანყი გურიაში იქნება, კიდო რევოლუცია გვინდა ახლა ჩვენ?
   რას ფიქრობთ ბახმაროზე, როგოც ზამთრის კურორტზე?

— ზამთრის კურორტიც შეიძლება იყოს, 2050 მეტრია ზღვის დონიდან, თუმცა ეს არ შექმნის პრობლემას, ბაკურიანი ზღვის დონიდან 1700 მეტრზეა, გუდაური კი 2196. კურორტებს რომ თავი დავანებოთ, ბოლივიაში 3650 მეტრზეა დედაქალაქი ლა– პასი. იქ, ჩვენ კონცერტი გვქონდა, სიმღერა გვიჭირდა ცოტაა ჟანგბადი, მანქანები ვერ მუშაობს გამართულად, მაგრამ ხალხი ცხოვრობს და 2050 მეტრზე რატომ უნდა იყოს კურორტის გაკეთება შეუძლებელი. თუ მოინდომეს, არაფერი არ უნდა გზის გაყვანას და არავინ თქვას ზამთარში ავალთო. გზის გაყვანა პრობლემა არ არის, მიხვეულ–მოხვეულია, თორემ 12 კილომეტრიც არ იქნება ნაბეღლავიდან. ახვალ პირდაპირ საბაგიროთ, მოკლედ, თუ მოკიდეს ხელი, თუ ჩაიდო ინვესტიციები და თუ გაკეთდა ზამთრის კურორტიც, ყველასთვის კარგი იქნება, არაა აუცილებელი სპორტსმენი ავიდეს მარტო,მე ვერ ავალ საბაგიროთი?! ავალ და გავჩერდები ჩემს სახლში. აი რომ შედიხარ ბახმაროში, სატყეო ქვია, პირველი სახლია თითქმის, ჩემით გავაკეთე სახლამდე მისასვლელი სამანქანო გზა, ტუალეტიც მაქვს, ვანაც, წყალიც გვაქვს, შუქიც, სახლი ნაძვებშია, მოკლედ ყველა პირობაა ნორმალური დასვენებისთვის.

 რა სჭირდება ბახმაროს იმისთვის, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს უცხოელი ტურისტებისთვის ?

— ბახმაროში ძირითადად, გურულები, იმერლები, ფოთელები ისვენებენ, აჭარიდანაც ამოდიან. ბათუმიდან ყოველდღე დადის „მარშუტკა" ოზურგეთიდან თავისთავად, ლანჩხუთიდანაც. უცხოელებისთვის რომ მიმზიდველი გახდეს კანალიზაცია და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა საჭირო, ფანტასტიკური ბუნებაა რაც ხიბლავს ტურისტებს.

   რით არის გამორჩეული ბახმარო ანუ რატომ უნდა დაისვენონ იქ ?

— ბახმაროში საუკეთესო ბუნებაა, სუფთა ჰაერი, ბახმაროს სავიზიტო ბარათია ნისლი, წმინდავს ფილტვებს, ბახმარო უებარია ბავშვებისთვის, ამიტომაცაა, რომ ოჯახებით ადიან და ისვენებენ. ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. მე არ ვიცი ეს ლეგენდაა თუ არა?! მაგრამ მინდოდა მეკითხა შევარდნაძისთვის რამდენად მართალია, თურმე ბავშვობაში ავად ყოფილა, მანდ აუყვანიათ და დაუტოვებიათ ზამთარშიც. ადრე ზამთარში, მანდ, მარტო მეტეოროლოგიური სამსახური რჩებოდა. ხოდა დარჩა ის იქ, ფილტვების პრობლემა ქონდა და განიკურნა თურმე.

  მოულოდნელად თვითონ დაგვისვა კითხვა და დაინტერესდა რამდენად ხშირად დავდიოდით ჩვენ ბახმაროში, როცა ვუთხარით რომ ყოველ წელს ბახმაროში ვატარებთ აგვისტოს, გაუკვირდა და სიცილით გვითხრა „რომ არ გეტყობათ?" შემდეგი კითხვა ჩვენს წარმომავლობას შეეხო: თქვენ გურულები ხართ ყველა?

 -დიახ. 

-აა თლა აბდლები სულ, მე ქემაინც ნახევარნახევარი გურული ვარ, ნახევარი აბდალი ვარ.

 მე, სიმამრს რომ გავეცანი, რა გვარი ხარო მკითხა, ტატიშვილი მეთქი, სადაური ხარო? ქართლელია მამაჩემი მეთქი, მერე რა კაცო, არაუშავს დიდი ამბავი ახლა, ხდება ხანდახანო. ხოდა, დედა მყავს გურული, ცენტერაძის ქალი მეთქი ,და ოო ა ა მაგიზა ხარ კაიო.

უკვე კარგად გამხიარულებულებს ანეგდოტიც შემოგვთავაზა გურიასა და ბახმაროზე: 

„— საიდან გაჩნდნენ გურულებიო?! საიდან და ადრე ძველი ბერძნები იყვნენ სამკურნალოთ ბახმაროშიო, ვინც იმკურნალა ქი დააბრუნეს უკან და ვინც არა დარჩნენ და ქი არიან ახლა გურულებიო."

    ბატონო ვახტანგ, თითქოს ჩამოყალიბდა ისეთი ტრადიცია, რომ 19 აგვისტოს , დოღის შემდეგ სეზონი მთავრდება და დამსვენებლებისგან იცლება ბახმარო, რას ფიქრობთ?
— რა თქმა უნდა ჯობია, რომ იყოს სექტემბრის 15 რიცხვამდე მაინც იყოს სეზონი, აი, მაშინ არის კარგი, მაგრამ დოღის მერე, მასიურად მოდის ხალხი რატომღაც.წინათ მოდიოდნენ, იმიტომ, რომ სკოლა პირველ სექტემბერს იწყებოდა, ეხლა კი 15 სექტემბერს იწყება, რატო მოდიან უკან არ ვიცი.

  რამდენიმე რჩევა ბახმაროს დამსვენებლებისთვის, რა გაითვალისწინონ?

— ბახმაროში, ყოვედღე იკვლება საკლავი, ყოველთვის არის ახალი ხორცი, თანაც გაცილებით ნაკლები ღირს ვიდრე სხვაგან, სხვა კურორტებზე. წნევისა და ჟანგბადის ნაკლებობის გამო ბახმაროში ცუდად იხარშება ხორცი, წყალი 80⁰–90⁰ ზე უკვე დუღდება და ვერ ასწრებს ხორცი მოხარშვას. ჯობია მოიხრაკოს და მერე მოიხარშოს ან პირიქით. თუმცა არის ჰერმეტული ქვაბები და იმით შეიძლება ადვილად მოხარშვა.
   კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ არის სისუფთავე, არაფრით არ უნდა დაყარონ ნაგავი ბუნებაში, უკვე არის ბუნკერები, მალე ალბათ ყველგან იქნება. გაუფრთხილდეთ ბუნებას და ნუ დავანაგვიანებთ.

     


კატეგორია: ბუნება | ნანახია: 868 | დაამატა: ადმინი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შემოდით ფორუმზე, ვისაუბროთ თემებზე რომლებიც ბახმაროს ეხება!!!